ბლოგი
მარტინესის მწარე გამოცდილება

მარტინესის მწარე გამოცდილება

ემილიანო მარტინესი წელს პრემიერ ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მეკარეა, თუმცა ამ მომენტამდე მისასვლელად მას ძალიან გრძელი გზის და რადიკალური გადაწყვეტილების მიღება დასჭირდა. არგენტინელი კიპერი ლონდონის ”არსენალში” 10 წლის განმავლობაში თამაშობდა, თუმცა მუდმივად სხვა კიპერების ჩრდილქვეშ ყოფნა უწევდა. არადა, ამ გუნდისთვის ხშირად მეკარის პოზიცია ყველაზე პრობლემურიც კი იყო და რატომღაც, არც ერთ მწვრთნელს არ ახსოვდა, რომ გუნდში მარტინესიც ირიცხებოდა.

რა იყო არგენტინელის ლონდონური წარუმატებლობის მიზეზი – მწვრთნელები თუ თავად მარტინესი?

ამ კითხვის ადრესატი პირველ რიგში ჯერი პეიტონი უნდა იყოს, რომელიც ”არსენალში” მეკარეების მწვრთნელად 15 წლის განმავლობაში მუშაობდა, თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ მარტინესს თავისი შესაძლებლობების დასამტკიცებლად ათი წელი ჰქონდა და ეს მაინც ვერ მოახერხა.

თავად მარტინესი ფიქრობს, რომ შეცდომა დაუშვა, როცა ახალგაზრდულ ასაკში არსენ ვენგერის დაპირებებს ენდო. ფრანგი სპეციალისტი მეკარეს არწმუნებდა, რომ მის შესაძლებლობებს აფასებდა და აპირებდა მარტინესის ”არსენალის” ნომერ პირველ მეკარედ ქცევას. თავის მწარე მაგალითის გათვალისწინებით, მარტინესი ახალგაზრდა მოთამაშეებს მოუწოდებს, არ დაუჯერონ მწვრთნელებს.

”ვენგერს დიდხანს ვუსმენდი” – ამბობს მარტინესი. ”20 წლის ასაკიდან მეუბნებოდა, რომ სუპერვარკვლავი და ”არსენალის” პირველი ნომერი გავხდებოდი. ვუსმენდი იმიტომ, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი იყო, მაგრამ რა მივიღე? უკვე ასაკში ვარ და მხოლოდ ახლა ვაცნობიერებ, თუ რამხელა შეცდომა დავუშვი”

”ახალგაზრდა მოთამაშემ ჯობია მოუსმინოს იმას, რასაც გული კარნახობს და გვერდით გადადოს მწვრთნელის დარიგებები”

”როცა ”არსენალიდან” წამოსვლის გადაწყვეტილება მივიღე, ვერავინ გამიგო – ჩემმა ცოლმაც კი. მწვრთნელთან დაახლოებულმა პირმა მითხრა, რომ სეზონის საწყის მატჩში, ”ფულემის” წინააღმდეგ, 75%-ანი შანსი მქონდა, რომ მეთამაშა. არ ვიცი, ეს უნდა გამხარებოდა? რატომ არ მქონდა 100%-ანი შანსი?

”არტეტასთან მივედი და პირდაპირ ვკითხე – ვითამაშებ? გულწრფელად მიპასუხე – მაგრამ პასუხი ვერ მივიღე…”

”მივხვდი, რომ თავს კარგად არ ვგრძნობდი” – ყველას ეგონა, რომ გუნდში დავრჩებოდი, მაგრამ გადაწყვეტილება სწორედ ამ დროს მივიღე”

”დილით გავიღვიძე, ოჯახის წევრები მისაღებ ოთახში შევკრიბე და ვუთხარი – ასტონ ვილაში მივდივართ! ”

”არტეტა ორი თასის მოპოვებაში დამეხმარა და იმედი მაქვს, ”არსენალის” მწვრთნელი წლების განმავლობაში იქნება”

მარტინესმა თამაშის ხარისხს ნამდვილად მოუმატა მას შემდეგ, რაც ”არსენალში” მეკარეების მწვრთნელი შეიცვალა, თუმცა როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და არგენტინელის ლონდონური კარიერა 10 წლის შემდეგ საბოლოოდ მაინც დასრულდა.

მარტინესმა გასული სეზონის დასრულების შემდეგ მოითხოვა, რომ გამხდარიყო პირველი მეკარე. მას სურდა გარანტია, რომ დააფასებდნენ.

თუმცა ამ მიდგომამ არ გაამართლა…

რამდენიმე თვის წინ, ემილიანო საბოლოოდ ჩამოვიდა ”მეთოფეთა” გემიდან და წავიდა ”ასტონ ვილაში”, სადაც ცდილობს თავისი შესაძლებლობები დაამტკიცოს. შეიძლება ითქვას, რომ ეს გამოსდის კიდეც. მარტინესი ბირმინგემულ კლუბში ზუსტად ისეთია, როგორსაც ველოდით – არც მეტი და არც ნაკლები.

0