ბლოგი
3+2=კონტე

3+2=კონტე

2016 წელს ანტონიო კონტემ ორწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა და სამუშაოდ სტემფორდ ბრიჯზე გადაბარგდა. ნისლიანი ალბიონი, რა თქმა უნდა, ყველა სპეციალისტისთვის საოცნებო ადგილია სამუშაოდ და ბუნებრივია, ასევე იყო კონტესთვისაც. ლონდონში გადაბარგების შესახებ წინადადება მაცდურად კი ჟღერდა, თუმცა საქმე შესასრულებლად საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო იყო. კონტეს მისვლამდე ‘’ჩელსიმ’’ არც ისე საამაყო რეკორდი დაამყარა – გახდა პირველი მოქმედი ჩემპიონი, რომელმაც მომდევნო სეზონში ლიგა ყველაზე დაბალ პოზიციაზე დაასრულა (მათთვის საბედნიეროდ, ეს რეკორდი მომდევნო წელსვე დაამხო ‘’ლესტერ სიტიმ’’). გუნდი ტალახში იძირებოდა, ფეხბურთელებს “განსაკუთრებული” ჟოზე მოურინიოს მიმართ რწმენა ჰქონდათ დაკარგული და რომან აბრამოვიჩს სჭირდებოდა გარდამტეხი სიახლეების მოხდენა.

ამჯერად ეს სიახლე ვერ იქნებოდა მარტივი და ვერ შემოიფარგლებოდა მხოლოდ  ‘’არისტოკრატების’’ მწვრთნელის ცვლილებებით. არსებული გარემო ითხოვდა სათამაშო სტილის სისტემურ რევოლუციას, რაც დაეხმარებოდა გუნდს ჩემპიონატში თავისი კუთვნილი, ელიტური ადგილის დაბრუნებაში.

ანტონიო კონტე 70-იან და 80-იან წლებში იზრდებოდა, როცა სამ ცველიანი ტაქტიკები ფეხბურთში საკმაოდ დამკვიდრებული იყო და დაცვის ხაზში ე.წ. “ლიბეროს” პოზიცია სულ უფრო პოპულარული ხდებოდა. 3 მცველიანი ტაქტიკის მთავარი ღირსება ისაა, რომ გუნდს  5 ფეხბურთელით თავდაცვის და 7 მოთამაშით თავდასხმის საშუალებას ერთდროულად აძლევს, თუმცა საყვარელი ტაქტიკის არჩევისას რა გახდა გარდამტეხი კონტესთვის, ამაზე ჯობია თავად იტალიელმა ისაუბროს.

“როცა ფეხბურთელი ვიყავი, არასოდეს მქონია ზინედინ ზიდანის ან რობერტო ბაჯოს მსგავსი ტალანტი, მაგრამ ორივესთან ერთად ვითამაშე. მათ შეეძლოთ ბურთით ჯადოქრობის კეთება მაშინაც კი, როცა რამდენიმე მეტოქის გარემოცვაში იყვნენ. მე როგორც ფეხბურთელი ნიჭიერზე მეტად, შრომისმოყვარე ვიყავი. ბევრს ვვარჯიშობდი, ვცდილობდი გაუმჯობესებას, მაგრამ თამაშისას, თუ გვერდით თანაგუნდელს ვერ ვიპოვიდი, შესაძლოა, ბურთი დამეკარგა. მწვრთნელად მუშაობის პირველი დღიდან სწორედ ამაზე მუშაობა დავიწყე – მინდოდა ჩემს ფეხბურთელებს ყოველთვის ჰქონოდათ რთულ სიტუაციებში გამოსავალი. თუ რომელიმე ფეხბურთელს არ ესმის რატომ ვაკეთებთ ამათუიმ დაცვით ან შეტევითი ფაზის ვარჯიშს, მინდა მკითხოს. ფეხბურთელმა ბოლომდე უნდა გაიაზროს პრობლემის არსი – რატომ ვმუშაობთ კონკრეტულ დეტალზე და რაში დაგვეხმარება ამ კომპონენტის დახვეწა”

და მაინც, რას გულისხმობს ზუსტად 3 მცველიანი ტაქტიკა?

თუ ამ ტაქტიკით გუნდი გამართულად თამაშობს, თავდაცვის დროს ერთდოულად არა 3, არამედ 5 ან სულაც 7 ფეხბურთელი იყრის თავს, ხოლო, დანარჩენი 5 ან 3 ფეხბურთელი თავისუფალია კონტრშეტევაზე სწრაფად გადასვლისთვის. ამ ტაქტიკით შესაძლებელია როგორც სწრაფი კონტრიერიშების წარმართვა, ასევე, ბურთის ხარისხიანად დაჭერაც. რა არის სისტემის გამართულად მუშაობისთვის აუცილებელი ბირთვი? პირველ რიგში, ალბათ, კარგი მოთამაშე ნახევარდაცვის ცენტრში, ვისაც შეუძლია პასების განაწილება და ბურთის გაკონტროლება. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის გადამწყვეტი თვისება. მაგალითისთვის განვიხილოთ ‘’იუვენტუსის’’ მაგალითი – გასული ათწლეულის პირველ ნახევარში ‘’იუვე’’ რეგულარულად იყენებდა 3-5-2 ტაქტიკას. უფრო ზუსტად, ამ 5 ნახევარმცველიდან ორი ფლანგისმცველი, დანარჩენი 3-დან 2 კი მეტად მოძრავი ნახევარმცველი იყო. ‘’იუვენტუსი’’ განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა 3 მცველიანი დაცვის ხაზის სწორად ფორმირებას. სწორედ აქ იჩენდა თავს კონტესთვის საყვარელი ‘’ლიბეროს’’ პოზიცია. 3 ცენტრალური მცველიდან აუცილებელია იყოს ერთი, რომელსაც შეუძლია ფეხით სხვებზე უკეთ თამაში. მაგალითისთვის, ‘’იუვესთვის’’ ასეთი იყო ლეონარდო ბონუჩი, რომელიც ხშირად ნახევარდაცვაშიც იწევდა. მასზე წინ პირლო ორ ცენტრალურ ნახევარმცველთან ერთად იდგა. ფლანგებიდან კი ნახევარდაცვას 2 მცველი აძლიერებდა. ნახევარდაცვაში შექმინილი იდეალური სიმჭიდროვე, პირლოს აძლევდა სივრცეს და საშუალებას, რომ საჭიროების შემთხვევაში გაკონტროლებინა თამაშის ტემპი და მიმდინარეობა. თამაშის დასაწყისიდან, ასევე, მნიშვნელოვანი იყო მაღალი პრესინგი, რის შედეგადაც იუვენტუსი თავიდანვე დომინირებდა ბურთზე.

შედეგად, ფაქტობრივად, გუნდის ყველა მოთამაშე მუდმივად ჩართული იყო ყველა ფაზაში. ‘’იუვენტუსის’’ შემტევებს არ სჭირდებოდათ სეზონის განმავლობაში სხვებივით ბევრი გოლის გატანა. ამ საქმეში მათ სხვა პოზიციის ფეხბურთელებიც ეხმარებოდნენ. თავდამსხმელებს – მატრის და ვუჩინიჩს 2011/12 წლების სეზონში ტოლს არ უდებდა ცენტრალური ნახევარმცველი მარკიზიო, რომელმაც იმ წელს 10 გოლის გატანა მოახერხა. ფორვარდებმა იცოდნენ, თუ რამდენად ძლიერი იყო გუნდის დაცვის ხაზი და სჯეროდათ, რომ შეეძლოთ ნებისმიერი ანგარიშის კარგად შენარჩუნება.

კონტეს პირველივე სეზონი სერია ა-ში დაუმარცხებლად დასრულდა. მსგავსი შედეგი კი ჩემპიონატის 38 მატჩიან ფორმატში რეკორდული იყო. ტიტულის ზედიზედ სამჯერ მოპოვების შემდეგ კონტემ ‘’იუვენტუსის’’ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა და ‘’ბიანკონერის’’ ისტორიაში შევიდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დამრიგებელი. ტურინული კლუბიდან წამოსვლის შემდეგ, კონტეს შანსი მიეცა ჩაებარებინა საკუთარი ქვეყნის ეროვნული ნაკრები, რომლის შემადგენლობაშიც როგორც მოთამაშემ წარსულში დიდ წარმატებას მიაღწია. ამრიგად, იტალიელ სპეციალისტს საშუალება მიეცა სანაკრებო დონეზე დაემკვიდრებინა თავისი ცნობილი 3-5-2.

2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე იტალიის გამოსვლა მაინცდამაინც დადებითად შეფასებული არ ყოფილა. კონტე, რომელსაც ამდენი წარმატება ჰქონდა ‘’იუვენტუსში’’, არაერთხელ გააკრიტიკეს მედიაში თავისი ტაქტიკისა და იტალიის ნაკრებში შემადგენლობის შერჩევის გამო. ეს ბუნებრივიცაა, იტალიელი გულშემატკივარი ყოველთვის უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლას ელის, ჩემპიონატზე მეოთხედფინალში გასვლა კი ვერ იქნებოდა სიხარულის მიზეზი. სწორედ ამიტომ, კონტემ განაცხადა, რომ ევროასპარეზზე გამოსვლის შემდეგ ნაკრებიდან წავიდოდა და დაუბრუნდებოდა იმ ტიპის ფეხბურთს, რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა – საკლუბო ფეხბურთს. ასეც მოიქცა…

შემდეგი კარი კონტეს კარიერაში ლონდონის ‘’ჩელსიმ’’ გაუღო. იტალიელ მწვრთნელს შანსი მიეცა შესაძლებლობები მსოფლიოს ყველაზე დიდ ლიგაში მოესინჯა. კონტემ ‘’ჩელსის’’ თავის გემოზე გადაკეთება დაიწყო. სამ მცველიან ტაქტიკაზე გადასვლისთვის კი არსებული რესურსი საკმარისი არ აღმოჩნდა. ანტონიომ შეიძინა მარკოს ალონსო ‘’ფიორენტინადან’’. ფეხბურთელი, რომელსაც იმ პერიოდში ჰქონდა პოტენციალი გამხდარიყო ერთ-ერთი საუკეთესო მარცხენა მცველი. დავიდ ლუიზის გუნდში დაბრუნება კი ნიშნავდა იმას, რომ ჩელსის ეყოლებოდა კონტესთვის ასე მნიშვნელოვანი ბურთით მოთამაშე ცენტრალური მცველი. ბრაზილიელს უნდა ეთამაშა ლეონარდო ბონუჩის როლი, რომელიც კონტეს წინა ორი გუნდის შეუცვლელი ფიგურა იყო.

იტალიელ დამრიგებელს გუნდის გადაწყობის პროცესი მისვლისთანავე არ დაუწყია. კონტემ სეზონის პირველი ოთხი თამაშისთვის, 4-1-4-1 სისტემა შეარჩია. ტაქტიკამ შეიძლება ითქვას, რომ კარგად იმუშავა – ჩელსიმ სეზონი დაუმარცხებლად დაიწყო (სამი მოგება და ერთი ფრე). ამის შემდეგ კი იყო ჩავარდნა. კონტეს გუნდმა ჯერ ლივერპულთან წააგო 2-1, ერთი კვირის შემდეგ კი არსენალთან პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიშით 3-0 მარცხდებოდა. კონტე ხვდებოდა, რომ ეს არ იყო მისი ტაქტიკა და სტილი. ‘’არსენალთან’’ თამაშისას მესუთ ოზილმა ‘’ჩელსის’’ ბრწყინვალე გოლი გაუტანა კონტრშეტევის დროს, რასაც ‘’ჩელსის’’ დაცვამ წინააღმდეგობა ვერაფრით გაუწია. სწორედ ამ დროს მიიღო იტალიელმა სისტემის შეცვლის საბოლოო გადაწყვეტილება. შეხვედრის 55-ე წუთზე სათადარიგოთა სკამიდან თამაშში მარკოს ალონსო ჩაერთო, რომელიც მარცხენა მცველად დადგა. ასპილიკუეტამ კი მარცხენა ცენტრალურ მცველად გადაინაცვლა, სადაც სეზონის ბოლომდე შეუცვლელად თამაშობდა.

მარცხის მიუხედავად, შეხვედრის მეორე ტაიმი ჩელსისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა. გუნდმა 35 წუთი კომფორტულად თამაშში გაატარა და თითქოს თავისი სტილი იპოვა. შეიქმნა 3-4-3 ტაქტიკა, რომელიც მცირედით განსხვავდებოდა, ვიდრე მისი ‘’იუვენტუსური’’ წინამორბედი 3-5-2. ვიქტორ მოზესი, რომელიც როგორც წესი, იქამდე მხოლოდ სათასო მატჩებში იღებდა მონაწილეობას, გახდა ძირითადი შემადგენლობის წევრი და დაიკავა თავისი ადგილი დაცვის მარჯვენა ფლანგზე. კონტე მაქსიმალურად იყენებდა ნიგერიელის შეტევით თვისებებს კონტრიერიშებისას და ამავე დროს, მოზესი ნელ-ნელა იწყებდა დაცვითი შესაძლებლობების დახვეწას.

გუნდში ნგოლო კანტეს მოსვლამ თავდაცვითი შესაძლებლობები უფრო სტაბილური გახადა. სესკ ფაბრეგასს საშუალება მიეცა ეთამაშა თავისუფლად, რადგან იცოდა, რომ შეცდომის დაშვების შემთხვევაშიც კი, მის უკან მუდმივად იქნებოდა კანტე საქმის გამოსასწორებლად.

ალბათ გახსოვთ, რა შედეგი გამოიღო ამ ყველაფერმა… კანტე პრემიერ ლიგის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. კონტე თავს 5-4-1 ტაქტიკით იცავდა, რაც კონტრშეტევების დროს 3-4-3 სქემად გარდაიქმნებოდა. ‘’არსენალთან’’ ზემოთ ხსენებული მარცხის შემდეგ, კონტეს გუნდმა ზედიზედ 13 მატჩი მოიგო და მე-8 ადგილიდან პირველზე გადავიდა. შთამბეჭდავი იყო ის, რომ ამ პერიოდში ‘’ჩელსიმ’’ დაამარცხა ორივე მანჩესტერული კლუბი, მოქმედი ჩემპიონი “ლესტერი” და “სპურსი”.

3-4-3 ტაქტიკამ ‘’ჩელსის’’ თამაშზე რევოლუციური გავლენა იქონია. ამ გუნდში პირლოს ფუნქციები მიენიჭა სესკ ფაბრეგასს. ესპანელი ბურთს შესანიშნავად უნაწილებდა წინ მყოფ ედენ აზარს და დიეგო კოშტას. სეზონის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი თამაში გუნდმა ‘’მანჩესტერ სიტის’’ წინააღმდეგ ჩაატარა. ამ მატჩში კონტეს ფეხბურთელმა მკაფიოდ აჩვენეს ყველას, თუ რამდენად ამართლებდა კონტრშეტევების დროს მათი ტაქტიკური მონახაზი.

ვერ ვიტყვით, რომ პრემიერ ლიგისთვის ეს სეზონი რამით განსაკუთრებული იყო სხვებისგან, გარდა იმისა, რომ კონტეს რევოლუციურმა ცვლილებებმა დიდი გავლენა იქონია კლასიკური პრემიერ ლიგური ფეხბურთის გარკვეულწილად გარდაქმნაზე.

‘’ჩელსიში’’ მუშაობის შემდეგ, კონტემ მილანის “ინტერი” ჩაიბარა და კვლავ სცადა საყვარელი სქემით წარმატების მიღწევა. იტალიაში მან ძველი მეგობარი ვიქტორ მოზესი წაიყვანა და მარჯვენა ფლანგი ჩააბარა. ასევე, მილანურ კლუბს შეუერთდა რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც პრემიერ ლიგაში თამაშის საშუალება უკვე ნაკლებად ეძლეოდათ – მაგალითად ეშლი იანგი და ალექსის სანჩესი. მილანურ კლუბში მისმა გახორციელებულმა ცვლილებებმა გარკვეული შედეგი უკვე გამოიღო – გუნდი პირველსავე სეზონში ევროპის ლიგის ფინალში გავიდა, თუმცა ეს არ არის ის რაც კონტეს მადას დააკმაყოფილებს.

შეიძლება ითქვას, რომ კონტე ფეხბურთის ისტორიაში შევიდა, როგორც არამხოლოდ კარგი მწვრთნელი, არამედ ადამიანი, რომელიც მუდამ რჩება საკუთარი ხედვების და პრინციპულობის ერთგულად. მან ყველგან, ყოველთვის, მისვლისთანავე მოახდინა რევოლუციური ცვლილებები და დაიწყო იმ საქმის კეთება, რისაც გულით სწამდა. ევროპული გრანდების მენეჯერებმა უკვე იციან, რომ თუ მათი გუნდი ოდესმე ჩიხურ სიტუაციაში მოექცევა უნდა შეამოწმონ, იქნებ კონტე თავისუფალი იყოს.

 

0